სიახლეები

ჰაიკ ჰოვაკიმიანი დინამო ბათუმის სპორტული დირექტორია

დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი ჰაიკ ჰოვაკიმიანი იქნება - მაღალი კვალიფიკაციის საფეხბურთო ფუნქციონერი, რომელსაც ევროპულ და საერთაშორისო დონეზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სპორტული დირექტორი აღმასრულებელ დონეზე კლუბის საფეხბურთო მიმართულების სრულ მართვას განახორციელებს. მისი მთავარი მიზანი, ორგანიზაციულ დონეზე, კლუბის ერთიანი სპორტული სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა, სატრანსფერო პოლიტიკის ეფექტური მართვა და ყველა საკვანძო მიმართულების (მთავარი გუნდი, დინამოს აკადემია და სკაუტინგი) კოორდინაციაა.

გასულ წლებში ჰაიკ ჰოვაკიმიანი უნგრული დებრეცენისა და სომხური ნოას სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ სომხურმა კლუბმა სწორედ მისი მუშაობის პერიოდში მოიპოვა უეფას საკლუბო ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება და ისტორიაში პირველად პლეი-ოფშიც ითამაშა. ამას გარდა მას, გერმანულ იურდინგენში, იტალიურ სიენასა და ლატვიურ დინამო რიგაში აღმასრულებელი მმართველი დირექტორის თანამდებობა ეკავა.

სხვადასხვა კლუბში მისი მუშაობა წარმატებული შედეგებით გამოირჩევა: დებრეცენი უნგრეთის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი გახდა და უეფას ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა, ხოლო ნოა სომხეთის ორგზის ვიცე-ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი და ისტორიაში პირველი სომხური კლუბი გახდა, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირების ჯგუფური ეტაპი დაძლია.

მდიდარ სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, ჰაიკ ჰოვაკიმიანს ზურგს უმაგრებს უმაღლესი განათლება. მან სამშობლოში, RAU-ს უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხს ფლობს. ამასთანავე, გავლილი აქვს საბაკალავრო კურსები პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ვენის უნივერსიტეტში. ის ასევე არის საერთაშორისო პროფესიონალური სკაუტინგის ორგანიზაციის (IPSO) სერტიფიცირებული პროგრამის კურსდამთავრებული. ჰაიკ ჰოვაკიმიანი სრულფასოვნად ფლობს სომხურ, ინგლისურ, რუსულ, პოლონურ და გერმანულ ენებს.

მენეჯმენტის ახალი წევრის შესახებ დინამო ბათუმის მფლობელმა, თემურ მიქელაძემ ისაუბრა: 

„დინამო ბათუმის სპორტული დირექტორის პოზიციაზე ჰაიკ ჰოვაკიმიანის შერჩევა მკაფიო სტრატეგიულ მიზანს ემსახურება. ამ ახალგაზრდა და ამბიციურმა საფეხბურთო მენეჯერმა სამშობლოში, ნოასთან ერთად, წარმატებით განვლო განვითარების ის გზა, რომელსაც ჩვენ ახლა ვიწყებთ. თუ ამას დავუმატებთ დებრეცენში მუშაობის წარმატებულ გამოცდილებას, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მისი პროფესიონალიზმი ჩვენს პროექტს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

მიმდინარე წლის დასაწყისში ჩვენ სპორტულ დეპარტამენტში კონკრეტული როლები და ფუნქციები განვსაზღვრეთ. სპორტული დირექტორის დანიშვნა კი ამ პროცესის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯია.“

დინამო ბათუმში დანიშვნის შემდეგ კომენტარი ჰაიკ ჰოვაკიმიანმაც გააკეთა:

„დინამო ბათუმში მუშაობის დაწყება ჩემთვის ახალი, ძალიან საინტერესო გამოწვევაა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, სრულად დავრწმუნდი ამ პროექტის ამბიციურობაში და მჯერა, რომ მის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია. მაქვს მკაფიო ხედვა, რომელიც სრულ თანხვედრაშია კლუბის ამჟამინდელ მიზნებთან. 

მზად ვარ, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და პროფესიული კავშირები, რათა დინამომ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს იმ ნანატრ წარმატებას, რომელსაც ეს ქალაქი და გულშემატკივრები იმსახურებენ. 

საქართველო ძალიან მიმზიდველი საფეხბურთო ბაზარია, რომელიც ადგილობრივი მოთამაშეების მართლაც გამორჩეული ნიჭით იკვებება. ჩვენ გვაქვს ყველაფერი - თანამედროვე ქალაქი და გამართული საფეხბურთო კლუბი იმისთვის, რომ საინტერესო, მაღალი დონის ტრანსფერები რეალობად ვაქციოთ. ჩემი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს უნიკალური შესაძლებლობა პროექტის წარმატებისთვის.“

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search