
თურქულ შეკრებაზე ბათუმის დინამოს ახალი მფლობელისა და აქციონერების გაცნობის შემდეგ, კლუბში განახლების პროცესი გრძელდება. დინამოში მართვის ახალი მოდელი ყალიბდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მართვის სადავეებისა და პასუხისმგებლობის გამიჯვნასთან ერთად, კლუბის გრძელვადიანი, მდგრადი განვითარებისა და ახალი სტრატეგიის შემუშავება იქნება.
დინამო ბათუმის გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ ჯღარკავა იქნება - მაღალი კვალიფიკაციის საფეხბურთო ფუნქციონერი, რომელსაც ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გენერალური მენეჯერი აღმასრულებელ დონეზე კლუბის სრულ მართვას განახორციელებს. მისი მთავარი მიზანი, ორგანიზაციულ დონეზე, კლუბის ეფექტური მართვა, ლიცენზირების სტანდარტების დაცვა და ყველა საკვანძო მიმართულების (სპორტული, ბიზნეს და ადმინისტრაციული) კოორდინაციაა.
ნიკოლოზ ჯღარკავა გასულ წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ასევე გახლდათ დინამო თბილისისა და დინამო არენას გენერალური დირექტორი.
მდიდარ სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, ნიკოლოზ ჯღარკავას ზურგს უმაგრებს უმაღლესი დონის განათლება. იგი ფლობს ლიმოჟის (საფრანგეთის რესპუბლიკა) უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს გლობალური სპორტის მმართველობის მიმართულებით (UEFA MESGO). ამასთანავე, არის ლოზანის (შვეიცარიის კონფედერაცია) უნივერსიტეტის ფეხბურთის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებული (UEFA CFM) და ფლობს UEFA-ს A, B და C ლიცენზიებს. ნიკოლოზ ჯღარკავა სრულფასოვნად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.
ის რამდენიმე პროფესიული ჯილდოს მფლობელია:
- ღირსების ორდენი (2024): საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევებისთვის;
- UEFA Grassroots Awards: ვერცხლი (2018) - საუკეთესო მასობრივი საფეხბურთო პროექტი (მოყვარულთა ლიგა, დაჯილდოვდა ჩართულობის მიმართულებით გამორჩეული შედეგებისთვის); ბრინჯაო (2025) - საუკეთესო სამოყვარულო კლუბი (სკ კვარტალი, კლუბის განვითარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის);
- წლის საუკეთესო სპორტის მენეჯერი (2016): სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჯილდო.
რაც შეეხება კლუბის სპორტულ მიმართულებას, მართვის ახალი მოდელის მიხედვით, იგი სამ მთავარ მიმართულებად დაიყო: საფეხბურთო ოპერაციები, საფეხბურთო სტრატეგია და ფეხბურთის განვითარება.
დინამო ბათუმის საფეხბურთო ოპერაციების მენეჯერი ნიკა ჭანტურია იქნება - ახალგაზრდა საფეხბურთო ფუნქციონერი, რომელმაც აქტიური კარიერა სულ ახლახან დაასრულა.
მის მთავარ როლს პირველი გუნდისა და აკადემიის ყოველდღიურ საოპერაციო მართვა წარმოადგენს, რაც მოიცავს საწვრთნელი პროცესისა და მატჩის დღის სრულ ორგანიზებას, გუნდის ლოჯისტიკასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას. ასევე, ოპერაციების მენეჯერის ფუნქციაა მოთამაშეებსა და პერსონალთან ეფექტური კომუნიკაცია, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით მაღალი შედეგებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და სტრატეგიულ დონეზე კლუბის სპორტულ-ორგანიზაციული დაგეგმარება.
ნიკა ჭანტურია გასულ სეზონში თბილისის ლოკომოტივის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება მის საფეხბურთო კარიერას, სხვადასხვა დროს იგი თბილისის ლოკომოტივის, თბილისის დინამოს, ქუთაისის ტორპედოს, ქობულეთის შუქურასა და გაგრას ღირსებას იცავდა. ნიკას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 17-წლამდე ნაკრებმა კი, მისი კაპიტნობით, ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზა. იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას სასერტიფიკატო პროგრამის - „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ კურსდამთავრებულია. ნიკა ჭანტურია სრულფასოვნად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.
კლუბის საფეხბურთო სტრატეგიის მენეჯერის პოზიციაზე ზურაბ თიგიშვილი იმუშავებს, რომელიც წლების განმავლობაში, იტალიაში საფეხბურთო მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობდა.
იგი პასუხისმგებელია კლუბის სატრანსფერო და რეკრუტირების პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რაც გულისხმობს ფეხბურთის ბიზნეს-მოდელისა და გუნდის ხარჯების ეფექტურ მართვას. პოზიცია მოიცავს სკაუტინგს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მონაცემთა ანალიზისა და რეკრუტირების ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე საფეხბურთო აგენტებთან და სხვა ფუნქციონერებთან სტრატეგიულ ურთიერთობას.
ბათუმის დინამომდე, ზურაბ თიგიშვილი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო საფეხბურთო სააგენტოში - GG11 Sports Agency-ში FIFA-ს ლიცენზირებული აგენტის სტატუსით მუშაობდა. იგი ასევე გახლავთ ცნობილი იტალიური საფეხბურთო სკოლის, კოვერჩიანოს კურსდამთავრებული და ფლობს მილანის Università del Calcio-ს მაგისტრის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ ზურაბ თიგიშვილი ხუთ ენაზე საუბრობს - იტალიური, ესპანური, ინგლისური, რუსული და ქართული.
კლუბში ფეხბურთის განვითარების მენეჯერის პოსტს ევროპული გამოცდილების მქონე, კიდევ ერთი კვალიფიციური საფეხბურთო მენეჯერი, ზურაბ ორაგველიძე დაიკავებს.
იგი კლუბის აკადემიის სტრუქტურისა და ერთიანი სასწავლო მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს, რაც, თავის მხრივ, მოთამაშეთა სწორ განვითარებასა და მათ კარიერულ წინსვლას უზრუნველყოფს. პოზიცია მოიცავს მწვრთნელთა განათლების პროგრამების მართვას, სპორტული მეცნიერების სტანდარტების დანერგვასა და მოთამაშეთა კეთილდღეობაზე ზრუნვას. ასევე, ზურაბ ორაგველიძის ფუნქცია საფეხბურთო ასოციაციებთან, კლუბებთან და სხვა ინსტიტუციებთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებაა.
ბათუმში გადმოსვლამდე, ზურაბ ორაგველიძე FIFA-ს ლიცენზირებული აგენტი გახლდათ და მენეჯერულ საქმიანობას ეწეოდა. 2026 წლის დასაწყისში მან დაარსა სააგენტო Cornea Sports, რომელიც სპორტში მომუშავე და ჩართული ადამიანების პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნავს. მან განათლება გერმანიაში, კერძოდ კი, კობლენცის უნივერსიტეტში, სპორტული მენეჯმენტის მიმართულებით მიიღო. ზურა სრულყოფილად საუბრობს ექვს ენაზე - გერმანული, ინგლისური, იტალიური, ესპანური, ფრანგული და ქართული.
განახლებული მენეჯმენტი გუნდს თურქულ შეკრებაზე ესტუმრა. 5 დღის განმავლობაში ადგილზე გაცნობითი და სამუშაო სახის შეხვედრები გაიმართა როგორც მთავარ მწვრთნელთან, ასევე სამწვრთნელო შტაბთან და ფეხბურთელებთან.
აქვე, დინამო ბათუმის სახელით, გაწეული სამსახურისთვის გვსურს მადლობა გადავუხადოთ ვეტერან დინამოელსა და ჩვენი კლუბის ყოფილ სპორტულ დირექტორს - ასლან ბალაძეს. წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალ საქმიანობაში.
დინამოს ბათუმის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მთავარ პრიორიტეტს კლუბის მდგრადი განვითარება წარმოადგენს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც წარმატებული საფეხბურთო კლუბის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
ახალი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ კლუბში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, ამიტომ ნებისმიერი მიმდინარე თუ სამომავლო სიახლის შესახებ გულშემატკივრებსა და დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდებათ.
